საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ცნობით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე), დაახლოებით, 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. TI-ის თქმით, ამ შემომწირველებმა ქართული ოცნების სასარგებლოდ 1,3 მილიონი ლარი გაიღეს.

ის კომპანიები კი, რომლებმაც ყველაზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგეს, ასე გამოიყურება:

  • შპს გ & კ ტექნოლოგი — 17,2 მილიონი ლარის ტენდერები. ქართულ ოცნებისთვის გაღებული შემოწირულობა 60 000 ლარი;
  • შპს ლ. და. კ — 8,1 მილიონი ლარის ტენდერები. ქართული ოცნებისთვის გაღებული შმეოწირულობა — 22 000 ლარი;
  • შპს. ვი-აი-პი + — 7,8 მილიონი ლარის ტენდერები. ქართული ოცნებისთვის გაღებული შემოწირულობა — 15 000 ლარი;
  • შპს ქცია — 6,2 მილიონი ლარის ტენდერები. ქართული ოცნებისთვის გაღებული შემოწირულობა — 60 000 ლარი;
  • შპს გრავიტა — 2,4 მილიონი ლარის ტენდერები. ქართული ოცნებისთვის გაღებული შემოწირულობა — 30 000;

გარდა ტენდერებისა, TI-ის ცნობით, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებსაც იღებენ. კერძოდ, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, დაახლოებით, 3,8 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა, დაახლოებით, 2,2 მილიონი ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ორგანიზაციის განცხადებით, ამ კომპანიებიდან აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მფლობელებმა საგანგებო მდგომარეობის დროს თანხები გაიღეს და განხორციელებული შეწირვიდან რამდენიმე დღეში კომპანიას გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს.

დოკუმენტის თანახმად, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს. კერძოდ:

  • ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 447 500 ლარი შესწირეს;
  • შპს ლილო-მოლთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595 000 ლარი გაიღეს;
  • შპს სერვის-აგრო-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255 000 ლარი შესწირეს.

TI ასევე, აკვირდებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატების შემოწირულობებსაც. დოკუმენტის თანახმადმ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ პარტიას 1 035 000 ლარი შესწირეს. TI-ის განცხადეით, ეს ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 6 პროცენტია.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს კანდიდატები არიან — ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. ამასთან, ორგანიზაციის თქმით, არის შემთხვევები, როცა ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას. კერძოდ,

  • ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმამ 5 მაისს 25 000-25 000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას.
  • დავით სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა (ნუკრი ლიპარტაშვილი) 17 სექტემბერს 60 000-60 000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას.
  • 10 სექტემბერს მაჟორიტარობის 3 კანდიდატის (ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე) ხუთმა სხვადასხვა ბიზნესპარტნიორმა ქართული ოცნების სასარგებლოდ გაიღო შემოწირულობა ჯამური მოცულობით 148 000 ლარი.

რაც შეეხება, სხვა პარტიებს, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:

  • ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565 670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15,1%-ა. ამ თანხიდან 105 000 ლარი ერთსა და იმავე დღეს — 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421 990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22,6%-ია. ამ თანხიდან 185 000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს — 10 სექტემბერს შესწირა პარტიას;
  • ლელოს მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 28 კანდიდატიდან ექვსმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 354 200 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 7%-ია. ამ თანხის უმეტესი ნაწილი — 275,000 ლარი გაიღეს ბადრი ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორებმა;
  • ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 20 კანდიდატიდან 11-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პარტიას 216 000 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 7,7%-ია;
  • სტრატეგია აღმაშენებლიდან გიორგი ვაშაძის მეუღლემ და მეუღლის ბიზნესპარტნიორმა 2020 წლის სექტემბერში პარტიას 119 958 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5,3%-ია;
  • ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან რვამ 2020 წლის არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში პარტიას 41 086 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 31,3%-ია;
  • ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეების მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 8 კანდიდატიდან ერთმა 2020 წლის აგვისტოში 40 000 ლარი შესწირა პარტიას, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15,5%-ია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შუალედური ანგარიში 30 ოქტომბერს წარადგინა. TI-ის განცხადებით, საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე:

TI-ის ცნობით, საარჩევნო შემოწირულებების თითქმის ნახევარი ქართულმა ოცნებამ მიიღო