ჩინეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქუჩაში მოსიარულეებს "ბანკნოტების კოკისპირული წვიმა" დაატეხა თავს.

პოლიციის თქმით, 29 წლის კაცი საკუთარ ბინაში ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ჩუნცინის ერთ-ერთი კორპუსის 30-ე სართულიდან ქუჩაში ნაღდი ფულის ყრა დაიწყო.

ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა "ციდან წამოსული ფულის თავსხმა" ვიდეოდაც გადაიღეს, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ვიდეოში ჩანს, რომ ქუჩაში საცობი შეიქმნა, რადგან ადამიანები ბანკნოტების დასაჭერად მანქანებიდან გადმოვიდნენ.

პოლიციის გამოძახების შემდეგ კაცი დააკავეს და, როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, გამოძიების მიმდინარეობასთან ერთად, დაკავებული მკურნალობის კურსსაც გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩუნცინის მცხოვრებლები ხელგაშლილობის ტრადიციით გამოირჩევიან. 2017 წელს ქალაქში ერთ-ერთმა ქალმა მანქანიდან გადმოყარა ფული, რომელიც მოგვიანებით მას დადევნებულმა პოლიციამ შეაგროვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალმა 16 ათასი იუანი (2 300 დოლარი) გადაყარა, რადგან "ცუდ ხასიათზე იყო".

გასულ წელს ფუძიანის პროვინციაში კაცმა 100 ათასი იუანი (15 ათასი დოლარი) გადაყარა, რადგან სამსახურში ცუდი დღე ჰქონდა, შემდეგ კი ხალხს თანხის დაბრუნება სთხოვა, თუმცა გვიანი იყო — ფულის დასაჭერად მანქანებიდან გადმოსულმა ხალხმა ქალაქში ლამის სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა.