ლუკაშენკომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე იური კარაევი ივან კუბრაკოვით ჩაანაცვლა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა BELTA-მ გაავრცელა. კუბრაკოვი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსად მუშაობდა.

ლუკაშენკოს თქმით, არჩევანის გაკეთება რამდენიმე კარგ კადრს შორის უწევდა, მაგრამ საბოლოოდ კუბრაკოვი გადაწყვიტა, რადგან ის გამოცდილებითა და მინსკში არსებული სიტუაციის კარგად ცოდნით გამოირჩევა.

"პირველ რიგში მინსკში მეტნაკლებად რთული სიტუაცია გვაქვს, რომლის მოგვარებაც მოგვიწევს და შენ საკითხს იცნობ", — მიმართა ლუკაშენკომ ახალ მინისტრს.

მედიის ცნობით, ლუკაშენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ ადრე მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად შესაბამისი კადრების მოძებნის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ახალგაზრდები გაიზარდნენ, გამოცდილება მიიღეს და დღეს უკვე არჩევაც შეუძლია.

"ჩანაფიქრი მქონდა, რომ შემერწყა გამოცდილება, ერთგულება, პატრიოტიზმი და ნიჭი. ვიმედოვნებ, რომ ეს საქმე გამოგივათ", — მიმართა ლუკაშენკომ ახალ მინისტრსა და მის თანამშრომლებს.

რაც შეეხება ბელარუსის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, იური კარაევს, ის მინსკში მიმდინარე აქციების ძალისმიერი მეთოდებით შლიდა. კარაევი ყველთვის ამართლებდა მისი თანამშრომლების მიერ ძალის გამოყენებას და აღნიშნავდა, რომ ბელარუსის მილიცია სპეციალურ საშუალებებს აღარ მიმართავს მას მერე, რაც ხალხი ქუჩაში გამოსვლას შეწყვეტს.

მედიის ცნობით, მინისტრის პოზიციიდან კარაევი გროდნოს ოლქში პრეზიდენტის თანაშემწედ გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ წინამორბედის მსგავსად, ახალი მინისტრი, ივან კუბრაკოვიც ფიქრობს, რომ ბელარუსში მიმდინარე აქციისას სამრთალდამაცვი ორგანოები ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და მათი ამოცანაა, უკანონო ქმედებები აღკვეთონ. აქვე, ახალმა მინისტრმა მინსკის აქციის მონაწილეები "აგრესიულ მომიტინგეებად" შეაფასა.

9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოსახლეობა არ აღიარებს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ბელარუსში საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კვლავ გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციაც დაკარგულებზეც.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.