პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ სხვა რეგიონებიდანაც აქვთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, ის ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

"ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, არსებობს წინასწარი მოლაპარაკება, რომ თქვენი ტელევიზია [TV პირველი] და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტები ერთობლივად გეგმავდნენ, ერთის მხრივ პროვოკაციების მოწყობას და, მეორეს მხრივ, თქვენ ამის გაშუქებას", — თქვა თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს დესტრუქციებს გეგმავს. ამის შემდეგ კი ისაუბრა TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავმჯდომარის, ბესო ქათამაძის დიალოგზე. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ჟურნალისტი ქათამაძეს ეკითხებოდა, სად სჭირდებოდა მხარდაჭერა "არეულობის პროცესში".

მას არ დაუკონკრეტებია, საიდან იცის ამ საუბრის შესახებ, მხოლოდ ის თქვა, რომ დიალოგი ისეთ ადგილას შედგა, სადაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. TV პირველის ჟურნალისტის განცხადებით, საუბარი ტელეფონით შედგა და დადასტურდა, რომ მას უსმენენ.