თბილისის მერი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები "ერთმანეთს ასწრებენ" ქართულ ოცნებაში ინფორმაციის მიტანას. ასე ეხმაურება ის TV პირველის ჟურნალისტისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის დიალოგის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის შემდეგაც ჟურნალისტმა თქვა, რომ მის სატელეფონო საუბარს ხელისუფლება უსმენს.

"ნაციონალური მოძრაობა არის დაშლილი და ჩამოშლილი და იქ მყოფი ადამიანები, როგორც შტაბში, ასევე, პარტიაში, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციების მოტანას ჩვენთან. შესაბამისად, ეს იყპ პრევენციული სახი განცხადება. არავის არ სჭირდება ვინმეს მოსმენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციების მოტანაში ჩვენთან, თუ რა ხდება და რას აპირებენ", — განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს დესტრუქციებს გეგმავს. ამის შემდეგ კი ისაუბრა TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავმჯდომარის, ბესო ქათამაძის დიალოგზე. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ჟურნალისტი ქათამაძეს ეკითხებოდა, სად სჭირდებოდა მხარდაჭერა "არეულობის პროცესში".

მას არ დაუკონკრეტებია, საიდან იცის ამ საუბრის შესახებ, მხოლოდ ის თქვა, რომ დიალოგი ისეთ ადგილას იყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. TV პირველის ჟურნალისტის განცხადებით კი, საუბარი ტელეფონით შედგა და დადასტურდა, რომ მას უსმენენ.