საოცარია ხოლმე იმის დანახვა, თუ როგორ სწავლობენ ცხოველები ჭკვიანურ ოინებს. ცხადია, ძაღლს თუ მაცივრიდან თქვენთვის ლუდის ბოთლი მოაქვს, ეს მაგარია, თუმცა დღეს უკვე ხალხის გასაოცებლად ამაზე უფრო გამჭრიახი რაღაცების მოფიქრებაა საჭირო.

ჰანს ფორსბერგი რობოტიკის სფეროში მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიულ გამოყენებებს შეისწავლის. მას გაუჩნდა იდეა, რომ საკუთარი ცოდნა მის ეზოში მცხოვრები ველური ფრინველების ოჯახზე გამოეცადა.

ჰანსმა პატარა მოწყობილობა ააგო და მეზობელ კაჭკაჭებს ასწავლა, რომ ბოთლის თავსახურების სანაცვლოდ მათ საკვების მიღება შეუძლიათ.

ფოტო: Hans Forsberg

ჰანსს ეზოში ველური კაჭკაჭები ჰყავს, რომლებიც უკვე კარგა ხანია, იქ ცხოვრობენ. ერთ დღესაც მან შენიშნა, რომ ცნობისმოყვარე პატარა ქურდბაცაცები გარეთა ფარნების კლიტეებს ემაიმუნებოდნენ, რათა მათში არსებული პარაფინის სანთლებს დაპატრონებოდნენ — რადგან, რატომაც არა, ყვავების მსგავსად მათაც ძალიან უყვართ მოპარვა. ჰანსი მიხვდა, რომ ჩიტებს ბევრად უფრო სასარგებლო ოინების შესრულებაც შეეძლოთ.

ჰანსმა გადაწყვიტა, ისეთი მოწყობილობა აეგო, რომელიც ჩიტებს მის ეზოში არსებული ნაგვის შეგროვებას ასწავლიდა საჭმლის სანაცვლოდ. მოწყობილობა შედგება დისპენსერისგან, რომელიც მიწის თხილითა და სხვა მსგავსი საკვებითაა სავსე. როდესაც რაიმე სახის ნაგავი — ამ შემთხვევაში, ბოთლის თავსახურები — ჭურჭელში ხვდება, მოწყობილობის მილიდან საკვების ერთი ან ორი პატარა მარცვალი ვარდება.

პროექტი, რეალურად, ბევრად უფრო კომპლექსურია, თუმცა ზოგადი სისტემა ასეთია. ის რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ჰანსისთვის მარტივი ნამდვილად არ იყო, რომ კაჭკაჭები ნაგვის შეგროვებაში გაეწაფა. ჰანსის თქმით, მას ჯერ მოუწია, ჩიტები თვითონ საკვები მოწყობილობით დაეინტერესებინა და რეგულარულად გამოეკვება ესენი. ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ და დანადგარში მცირედ ცვლილებასაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა, როცა მათ ბარტყები ეყოლათ. ახალგაზრდა კაჭკაჭები უფრო მეტი სიმამაცით უახლოვდებიან დანადგარს და დიდი სიამოვნებით იღებენ მისგან სარგებელს. აი, ამის ვიდეოც: