დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სალომე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით.

ამით დადგინდა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ძალადობის მსხვერპლი ქალის სიცოცხლის მოსპობაზე, თუ იგი მის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ზომებს არ მიმართავს.

2014 წლის 25 ივლისს, ქ. ზესტაფონში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე მისმა ყოფილმა მეუღლემ, პოლიციელმა სერგი საცერაძემ მოკლა. მკვლელობამდე სალომემ მიმართა პოლიციას, პროკურატურისა და შსს-ს გენერალური ინსპექციას. ის ითხოვდა დაცვას მოძალადისგან.

ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც 2015 წლის 24 ივლისიდან იცავს დაზარალებულის ოჯახის ინტერესებს.

"სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ქალის სიცოცხლის მოსპობაზე, რადგან შესაბამისმა სტრუქტურებმა არაფერი გააკეთეს მის დასაცავად. სახელმწიფომ სალომე ჯორბენაძის მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გაატარა, რამაც მოძალადეს სალომეს მკვლელობის შესაძლებლობისკენ ირიბად უბიძგა" - აცხადებს ასოციაცია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საიას სარჩელის საფუძველზე, სალომეს მკვლელობისთვის შსს-ს და მთავარი პროკურატურის პასუხისმგებლობა დაადგინა და მათ სალომეს დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ არ აღიარა პასუხისმგებლობა, შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელიც დღეს გაბათილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 17 აპრილს სერგი საცერაძე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.