ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს დესტრუქციებს გეგმავს. ამის შემდეგ კი ისაუბრა TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავმჯდომარის, ბესო ქათამაძის დიალოგზე. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ჟურნალისტი ქათამაძეს ეკითხებოდა, სად სჭირდებოდა მხარდაჭერა "არეულობის პროცესში".

"გუშინ შედგა საუბარი TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას და ნაცმოძრაობის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ: "აპირებენ ხმაურს და არეულობას", რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში", — განაცხადა კობახიძემ

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, საიდან აქვს ინფორმაცია ორი ადამიანის საუბრის შესახებ, რაზეც მან თქვა, რომ ფლობს "გამოჟონილ" ინფორმაციას.

"ესაუბრებოდნენ ისეთ ადგილას ერთმანეთს, სადაც იყვნენ სხვა წარმომადგენლებიც ნაცმოძრაობის და ჩვენ გვაქვს გამოჟონილი ინფორმაცია", — ამბობს კობახიძე.

TV პირველის გენერალური პროდიუსერის თქმით, ეს განცხადება იყო აღიარება ქართული ოცნების მხრიდან, რომ წინასაარჩევნოდ ჟურნალისტებს უსმენენ. ნოდარ მელაძე ასევე ამბობს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს აქამდეც უთვალთვალებდნენ და იყო ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის შემთხვევებიც.

"დღეს ჩვენ გვაქვს დადასტურებული აღიარება ქართული ოცნების ლიდერის მხრიდან, რომ საქართველოში არჩევნების წინ მიდის ჟურნალისტებზე ფარული მიყურადება და თვალთვალი", — ამბობს ნოდარ მელაძე.

იგივე პოზიცია აქვს ჟურნალისტ ნატო გოგელიასაც, რომელიც კობახიძის განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა.

"ე.წ. პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს! ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა!!!", — დაწერა მან.

გარდა ამისა, მან განმარტა ბესო ქათამაძესთან საუბარიც. გოგელია აღნიშნავს, რომ ენმ-ის წარმომადგენელს ტელეფონზე დაურეკა და ჰკითხა, რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა.

"რაზეც მითხრა, რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინ წინ მათი შეხვედრის ჩაშლა სცადა "ქართულმა ოცნებამ" და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს. ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით (სხვა რესპონდენტს ველოდებოდი), სადაც დაახლოებით 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე! აი, სულ ეს იყო ამბავი!!!", — წერს გოგელია.

ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ ვერ შეაშინებენ და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

"ახლა, როცა ჩემი პატარა შვილები მირეკავენ და მეკითხებიან, რა დავაშავე; როცა დედაჩემი შენი ბინძური და ტყუილებით გაჯერებული განცხადების გამო ცუდადაა; როცა ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, პირდაპირ გეუბნები — არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ. რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ, ვერ შემაშინებთ!!!", — წერს გოგელია.