ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, გირო კრედიტის ხელმძღვანელი გიორგი გუგუმბერიძე აცხადებს, რომ პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ გუმბერიძემ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

GDI-ის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პოლიცია გუგუმბერიძეს უკანონოდ სთხოვდა გირო-კრედიტის ოფისში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გადაცემას. მისივე თქმით, გუგუმბერიძის უარის გამო, გირო-კრედიტის ხელმძღვანელი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა:

"მას [გუმბერიძეს] ღამით, სახლში რამდენჯერმე მიაკითხეს და მოსთხოვეს ჩანაწერების გადაცემა უკანონოდ. ხოლო უარის შემდგომ მათ დააკავეს გიორგი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში. ემუქრებოდნენ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების პრობლემების შექმნით. ხოლო მოგვიანებით, დაკავების შემდგომ ის გადაიყვანეს სასამართლოში ადმინისტრაციული დაკავების წესით."

მშვენიერაძის შეფასებით, ასეთი მოქმედებები საფრთხეს უქმნის არა მარტო რიგით ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ გუგუმბერიძე კერძო ბიზნესის მწარმოებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ.

გუგუმბერიძე მოითხოვს გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 1443 მუხლი), განზრახ უკანონო დაკავებისა ან დაპატიმრების (სსკ-ის 147-ე მუხლი), ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლი) სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.

გიორგი გუგუმბერიძეს იურიდიულ დახმარებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გაუწევს.