შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, ბანკზე თავდასხმამდე, 6 ოქტომბერსაა გადაღებული. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ კადრები არა ზუგდიდში, არამედ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტშია გადაღებული.

ბადრი ესებუას გადაადგილების ვიდეოკადრები ტელევიზიით გავრცელდა. გარდა ამისა, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული კადრები 27 ოქტომბერსაა გადაღებული.

"თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის, ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობდა, რომ ვიდეო თავდასხმამდეა გაკეთებული. ამის დასადასტურებლად მან ჟურნალისტებთან ის ტანსაცმელი გამოიტანა, რომელსაც მისი შვილი ვიდეოში ატარებს.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. მათი განცხადებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

თავდაპირველად გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და წამების მუხლით დაიწყო. თუმცა რამდენიმე დღეში საქმე ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

გაიგეთ მეტი: