ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტიის სამი კანდიდატი, გლდანის, სამგორისა და თელავის ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებს, იგი პოლიტიკიდან წავა. თუ საწინააღმდეგო მოხდება და სამივეში მოიგებენ, კობახიძე მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ პოლიტიკიდან და მედიიდან წავიდეს.

"გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც, მელია, მე მგონი, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და იგებენ თან პირველ ტურში. მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავი-ლაგოდეხის ოლქში, თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან. ერთი მათგანიც მაინც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. რაც შეეხება, საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს, გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გავარამიას, ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან", — განაცხადა კობახიძემ.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.