ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებული მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პროცესის მედია გაშუქება მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება. კვლევის თანახმად, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება. შუალედური ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლარიზება მედიის თითქმის ყველა სეგმენტში მატულობს.

"ზაფხულის პერიოდთან შედარებით, 1 სექტემბრიდან მკვეთრად მატულობს პოლარიზება ტელევიზიებში, ხოლო ბეჭდურ მედიაში იკვეთება ყველა საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია. ამასთან ერთად, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით", — განაცხადეს კვლევის ონლაინ პრეზენტაციაზე.

ანგარიშის თანახმად, პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

კვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული ონლაინ მედიაში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებს და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდება. რამდენიმე ონლაინ მედია-საშუალებაში შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და სხვა პარტიების დისკრედიტირების ტენდენცია.

"რადიო ინარჩუნებს გაშუქების ნეიტრალურობასა და დაბალანსებულობას, თუმცა, მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით. უმეტესწილად, რადიო საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ექსკლუზიურ სარედაქციო კონტენტს არ სთავაზობს მსმენელს", — განაცხადეს კვლევის პრეზენტაციაზე.

საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის თქმით, საარჩევნო პროცესის გაშუქების მრავალფეროვნება ყველა მედია სეგმენტში გაზრდილია, ხოლო დისკრიმინაციული ენისა და გენდერული სტერეოტიპების გამოყენება უფრო იშვიათად შეიმჩნევა. თუმცა, საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ყურადღების მიღმა რჩება.

ყველა ტელევიზია აშუქებს შესაძლო უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს (EU), რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). დასავლეთის სახელმწიფოებისა და გაერთიანებების გავლენა უმეტესწილად დადებითად ფასდება.

"იმედი გვაქვს, რომ მომავალში არჩევნების ანალიტიკურ გაშუქებას უფრო მეტად ვიხილავთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წელს არჩევნების გაშუქება უფრო გაწონასწორებული ტონითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა", — აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ასუნსიონ სანჩეს-რუისმა გაანცხადა, რომ მედიამონიტორინგის მეორე შეუალედური ანგარიში მზარდ პოლარიზებასა და არჩევნების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობას ასახავს. თუმცა, მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დისკრიმინაციული ენის გამოყენება შემცირებულია, ხოლო ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობა ვერ აღწევს შედეგს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში.

"ასევე, სასიხარულოა, რომ ონლაინ მედია გაცილებით უფრო იშვიათად მიმართავს გენდერული სტერეოტიპების გამოყენებას", — აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა.

EU-ს მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით — საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო. მედიამონიტორინგი 43 მედია საშუალებას — 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას მოიცავს.

ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, წლევანდელი კვლევა, აგრეთვე, სწავლობს, როგორ იყენებენ ქართული მედია საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ ფეისბუქს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და რა სახის მედია კონტენტი ზიარდება ფეისბუქის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.