ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. არქის ინფორმაციით, ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ შპს ბაკურიან რიზორტს საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. არქიში ამბობენ, რომ ყოველივე ეს არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიუჟეტში გამოყენებული მშენებლობის კადრები არ ასახავს რეალობას, ვინაიდან დღემდე მშენებლობის პროცესი ამ მიწაზე არ დაწყებულა.

შესაბამისად, კომპანია არქიმ, მისმა დამფუძნებელმა ილია წულაიამ და არქის შვილობილმა კომპანიამ საჩივრით მიმართეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. 2020 წლის 27 ოქტომბერს კი ქარტიამ დავა არქის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა, რომ მთავარმა არხმა და TV პირველმა ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

"ჩვენ ვთხოვთ ტელეკომპანიებს, იყვნენ ობიექტური და სამართლიანი. ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მთავარი არხისა და ტელეკომპანია პირველის ეთერით გაშუქდა, ჩვენს საქმიან რეპუტაციას აყენებს ზიანს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. კანონის დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპებია, შესაბამისად, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მტკივნეულია. ჩვენ, ასევე, მივმართეთ სასამართლოს, სადაც ვითხოვთ როგორც აღნიშნული ცრუ ინფორმაციის უარყოფას ტელეკომპანიების მხრიდან, ასევე ზიანის ანაზღაურებას და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოშიც გავიმარჯვებთ", — ამბობენ კომპანია არქიში.

აღსანიშნავია, რომ არქი და მისი შვილობილი კომპანია დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპს დარღვევაზეც, მაგრამ, საბჭომ ამ ნაწილში დარღვევა ვერ დაადგინა.