"ვინაიდან მესამე სექტორი ჯერ კიდევ ფიქრობს, ეს იმას მიუთითებს, რომ არანაირი ძალადობა გამოყენებული არ იქნა და არც დაშინება", — ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა წინასაარჩევნო გარემოს იმ პირობებში, როდესაც მესამე სექტორი ფიქრობს, რომ გამოყენებული იყო ძალადობა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია და არაერთი დაპირისპირება მოხდა, მათ შორის იყო ფიზიკური ანგარიშსწორებაც. პარტიები ძალადობის შემთხვევებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

27 სექტემბერს ბოლნისში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ენმ-ს მხარდამჭერები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი ამტკიცებდნენ, რომ მათ ჩაიხანაში თავს დაესხნენ ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა და მათი მხარდამჭერები. მომხდარ ინციდენტში ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნაციონალურ მოძრაობა დაადანაშაულა.

19 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრ ლევან მიქელაძეს თავს დაესხნენ, 28 ოქტომბერს კი სოფელ მამხუთში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს სცემეს.

29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე, დაშავდნენ ჟურნალისტები. 27 სექტემბერს ცესკოსთან, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდა ფრთის, 3 წარმომადგენელი დააკავეს. 28 სექტემბერს კი ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მმართველი გუნდი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა.