საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მოქალაქეებს მოუწოდებს "თამამად მივიდნენ" საარჩევნო უბნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, რადგან მისი თქმით, იქ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეის მდგომარეობით ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველანაირი ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებელად მივიდეს არჩევნებზე, ვინაიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, დღესდღეობით, საქართველოსთვის. რამდენიმე თვეა ცესკოსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური, დეტალურად მუშაობდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდა გაეკეთებინა თავისი თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო პირობებში", — განაცხადა ტიკარაძემ.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.