ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია პარტია გირჩის სამოქალაქო პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს.

დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს მოქალაქეების აზრი და შეცვალოს ნარკოპოლიტიკა.

"მხარდაჭერას ვუცხადებ გირჩის სამოქალაქო პროტესტს და ხელისუფლებას მოვუწოდებ ადეკვატურად მიიღოს საზოგადოების გზავნილი და შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა" - წერს ხოშტარია ფეისბუკზე.

გირჩის ოფისში კრიმინალური პოლიცია დილიდან იმყოფება. ისინი აღწერენ 31 დეკემბერს დათესილ მარიხუანას და ოქმებს ადგენენ.

10 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიამ, გირჩი, საკუთარ ოფისში მარიხუანის დათესვის შესახებ განცხადება გააკეთა. მცენარის დათესვა საქართველოს რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა. 3 დღის წინ კი პარტიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ახალამოსული მცენარეების ფოტოებიც გამოქვეყნდა.

შსს-მ გამოძიება 31 დეკემბერსვე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პარტიის ოფისში სამართალდამცავები არ იყვნენ მისული და არც პარტიის წევრები დაუკითხავთ.

მარიხუანის საჯარო დათესვას წინ უძღოდა პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.