ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია მოქალაქეებმა ნებაყოფლობით უნდა დააფინანსონ. როგორც მან ფორმულას ეთერში განმარტა, პარტიაში დაფინანსების პრინციპზე მუშაობენ, რომლითაც მოქალაქეს შეეძლება, ნებაყოფლობით საშემოსავლო გადასახადის ნაწილი მისთვის სასურველ კონფესიას გადაურიცხოს.

"მიმაჩნია, რომ ეს კარგი სისტემაა. ეს არც თანხას მოაკლებს ეკლესიას იმ თვალსაზრისით, რომ ამის მსურველი ბევრი იქნება და რაც მთავარია, აღარ იქნება ეკლესია ხელისუფლებაზე და მთავრობაზე, ბიუჯეტზე დამოკიდებული. ეკლესია იქნება ფინანსურად ძლიერი, თუ მას ექნება მრევლის, თითოეული ჩვენგანის ნებაყოფლობითი მხარდაჭერა", — აღნიშნა ბაქრაძემ.

გარდა ამისა, ბაქრაძე ამბობს, რომ პარტიაში მსჯელობენ ნებაყოფლობითი გადარიცხვა სხვა სფეროებშიც იყოს შესაძლებელი.

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის კონკორდატი გაფორმდა. დოკუმენტის საფუძველზე ეკლესია ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას იღებდა, ბოლო რამდენიმე წელია კი მან 25 მილიონ ლარს მიაღწია. როგორც დავით ბაქრაძე ამბობს, აღნიშნული თანხა საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაცია იყო.