სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, რომ მოქალაქე თორნიკე გოგუაძის სახლის მისამართზე 70 ადამიანია ჩაწერილი. ამასთან, ისინი პასუხობენ ბრალდებასაც საარჩევნო სიაში 20 წლის წინ გოგუაძის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემების თაობაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, 70 პირი არ არის რეგისტრირებული თორნიკე გოგუაძის სახლში და ყველა მათგანი რეგისტრირებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში.

რაც შეეხება საარჩევნო სიაში ბაბუის — გივი გოგუაძის მონაცემების შეტანას, რომელიც თორნიკე გოგუაძის თქმით, 20 წლის წინ გარდაიცვალა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების თანახმად, 1948 წელს დაბადებული გიგი გოგუაძე, 2008 წლიდან ლატვიის საკონსულოში დგას აღრიცხვაზე და აღნიშნული პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტოში დღემდე არ შემოსულა.

"პირის გარდაცვალების ფაქტი ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც გივი გოგუაძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია", — აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ გოგუაძის მეორე ბაბუა, პანტელეიმონ გოგოლაძე 1998 წელს გარდაიცვალა და მის სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება, რის გამოც არც საარჩევნო სიაში ფიქსირდება.