პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ, ჯარის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები ემსახურება დესტაბილიზაციას და უცხო ინტერესებს.

"ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება იმ ნაწილში, სადაც ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციის სარგებლობს.

"ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრობლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა დაგმო სამართალდამცავების პროფესიონალიზმის შემლახველი მცდელობები. მისი თქმით, ეს ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას.