დღეს თბილისის მეტრო იუბილარია. ის ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომეტრს შეადგენდა.

ეს ფოტოები მემანქანე ნოე ლაცაბიძემ მეტროპოლიტენის გახსნის დღეს გადაიღო. 1966 წლის 11 იანვრის დილის 6 საათიდან მეტროს მგზავრები გადაჰყავდა პირველი რიგის პირველ უბანზე, ანუ სადგურ "დიდუბიდან" - "რუსთაველის მოედნამდე". პირველი საცდელი მატარებელი კი საცდელ რეისზე მემანქანე ნოე ლაცაბიძემ 28 ნოემბერს გაიყვანა.

ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ.

დღესდღეობით მეტრო ერთ-ერთი ყველაზე მობილური, სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტია და მას ყოველდღიურად საშუალოდ 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.

თბილისში მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ამ იდეამ გრძელი და რთული გზა განვლო განხორციელებამდე. 1940 წელს თბილისში რამდენიმე ადგილას გარკვეული სიდიდის მოედნებზე მიწის ბურღვა და საინჟინრო საქმიანობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა. ომის შემდგომ პერიოდში მეტროპოლიტენის შენების საკითხი სადავო გახდა, რადგან შექმნილი ფინანსური მდგომარეობის ფონზე საქართველოს შესაძლოა აღარ ჰქონოდა მასშტაბური სამუშაოების ფუფუნება. გარდა ამისა, მაშინ თბილისი ჯერ კიდევ არ იყო მილიონიანი ქალაქი, რაც დაუწერელი კრიტერიუმი იყო მეტროპოლიტენის მშენებლობისთვის. ქალაქის ხელისუფლების მონდომებისა და შრომის მეშვეობით 1951 წლის 25 აგვისტოს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების შესახებ. მშენებლობის უფროსად გიორგი ნასიძე დაინიშნა, ხოლო მის პირველ მოადგილედ - ვიქტორ გოცირიძე.

პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1952 წელს მარჯანიშვილის მოედანთან დაიწყეს. აღნიშნული პროცესი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა 1965 წლის 28 დეკემბერს სამუშაოები წარმატებულად დასრულდა.

მეტრო გახსნის დღიდან ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი რგოლი გახდა. 90-იან წლებში მეტრო ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა იყო, რომელიც მოსახლეობას შეუფერხებლად ემსახურებოდა.