ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დღეს დილიდან ზუგდიდში ღვინის დარიგება დაიწყო, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ კი დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსყიდვის შემთხვევა თუ დაფიქსირდა, ამაზე მმართველ გუნდს მკაცრი რეაგირება ექნება.

"დღეს ზუგდიდში სრულიად ეგზოტიკური შემთხვევაც გვქონდა, რომ დილიდან ქალაქში დაიწყეს ღვინის დარიგება ჩიქოვანის და ოცნების შტაბიდან, ესეც არის ძალიან მდარე ადამიანების ქცევა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის", — განავცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეთოდი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის.

"ეს არის ივანიშვილის მეთოდი, რადგან ივანიშვილი არის ასეთი ქორვაჭარა, რომელსაც ჰქონია, რომ ყველაფერს იყიდის. ის ნახავს მწარე სიმართლეს და მისთვის ეს მწარე სიმართლე არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის 31 ოქტომბერს. ნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ის არ იყიდება კარტოფილებზე, ღვინოებზე, ზეთებზე და წიწიბურაზე", —განაცხადა უგულავამ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება, ეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენაა და აზიანებს, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე, ქართულ ოცნებას, ამიტომ ექნებათ მკაცრი რეაგირება. მისივე თქმით, საჭიროა საბუთები, რადგან მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა არ დადასტურდა.

"მოგვიტანეთ ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაქცია", — განაცხადა კობახიძემ.