არ არსებობს მსოფლიოში ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც რობოტების მასწავლებლობას ასწავლის. თუმცა ამას, მომავალში, საგანმანათლებლო ინდუსტრიის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარი რამ, რაც ამ კუთხით, რობოტიკის საინტერესოობას განაპირობებს, არის უამრავი განსხვავებული მიდგომა, რომელსაც მსოფლიოს მკვლევრები რობოტებისთვის რაიმე მოქმედების ნულიდან შესასწავლად იყენებენ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა სახელად "კარგი რობოტი" ხსნის რობოტებისთვის პოზიტიური სწავლების პოტენციალს. ეს სათაური კვლევის ავტორის, ენდრიუ ჰანდტის ანეკდოტიდან მოდის იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლიდა იგი თავის ძაღლს, არ გაჰკიდებოდა ციყვებს. იხილეთ ვიდეო:

პოზიტიური სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ რობოტებს, დავალების არასწორად შესრულების შემთხვევაში უარყოფით სტიმულებს არ აწვდიან. ამის ნაცვლად, სწორი პასუხის შემთხვევაში, მათ დადებითი სტიმულით ახალისებენ.

რობოტებისთვის წამახალისებული სტიმული ქულების სისტემასავით მუშაობს - არსებითად, ეს თითქოს თამაშია, რომელიც კარგად შესრულებული დავალებისთვის ქულებს გიწერს.

ჰანდტი განმარტავს, რომ ამ მეთოდის გამოყენებამ რობოტის გაწვრთნის დრო საგრძნობლად შეამცირა. "რობოტს უფრო მაღალი ქულის მიღება უნდა", - წერს იგი კვლევის რელიზში. "ის სწრაფად სწავლობს სწორ ქცევას, რათა ამ გზით საუკეთესო ქულა დაიმსახუროს. მეტიც, აქამდე რობოტის ქცევაში სრული სიზუსტის მისაღწევად მისი გაწვრთნა ერთ თვეს გრძელდებოდა, ახლა კი ორი დღეც საკმარისი აღმოჩნდა".

ეს დავალებები ჯერ კიდევ საკმაოდ ელემენტარულია, რაც პატარა სათამაშო აგურების აწყობას და ვიდეოთამაშში ნავიგაციას გულისხმობს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალში რობოტები უფრო კომპლექსური და ჩვენთვის სასარგებლო დავალებების შესრულებასაც შეძლებენ.