შესაძლოა, ქუჩის მხატვრობას კარგად არ იცნობდეთ, თუმცა თუ თბილისის (და არა მარტო) ქუჩებში გისეირნიათ, აუცილებლად მოჰკრავდით თვალს გაგოშას ნახატებს, თუნდაც ისე, რომ მისი ავტორის ვინაობა, შეიძლება, არც კი იცოდით.

ახალგაზრდა ხელოვანმა გიორგი გაგოშიძემ ყველას თავი სწორედ თბილისის ქუჩებში შესრულებული ძირითადად სოციალური თემატიკის მქონე ნახატებით დაამახსოვრა, თუმცა ეს ხელოვნების ერთადერთი ფორმა არ არის, რომელსაც ის მიმართავს: აი, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ მისი ავტორობით პატარა ქანდაკებებიც გამოჩნდა.

როგორც გაგოშა On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ის მუდამ ეძებს გამოხატვის ახალ ფორმებს, რათა შემოქმედებითი პროცესი მოსაწყენი არ გახდეს, მისი ნამუშევრები კი — ერთფეროვანი.

"ეს პატარა ფიგურები ახალი სერიის ნაწილია, რომლის ძირითადი თემატიკა ისევ სოციალური დარჩება. მინდა, რომ ამის ფარგლებში მცირე ზომის ქანდაკებები შევქმნა. სამწუხაროდ, ქუჩის ხელოვნებაში ესეთი ტენდენციაა, რომ მურალი დიდი უნდა იყოს, რომ გამვლელებს ყველა კუთხიდან მოხვდეს თვალში, მოქანდაკემ დიდი ქანდაკება უნდა დადგას ქალაქის ცენტრში, რომ ხალხმა ხელოვნებად აღიქვას", — ამბობს გიორგი გაგოშიძე.

მისი თქმით, მას სწორედ ამ ერთგვარი დიდი ქანდაკებების კონცეფციასთან დაპირისპირება და სრულიად საწინააღმდეგოს გაკეთება სურდა, რათა მნახველების ყურადღება დეტალებზე უფრო მიეპყრო:

"ეს სერია საპირისპიროს ამბობს, ეს არის პატარა ადამიანების სიცოცხლე, რომელთაც ბევრი ვერ შეამჩნევს, მაგრამ მათ უფრო მეტი მსგავსება აქვთ ჩვენთან, ჩვენსავით ბევრი სათქმელი აქვთ, მოსმენა და დაკვირვება სჭირდებათ. ვინც მათ შეამჩნევს, უფრო მეტ ემოციას მიიღებენ ამ ფიგურებისგან. მოტივაციაც უფრო მეტი ექნება გამვლელს, რომ ქალაქის დეტალებს დააკვირდეს. ჩემი აზრით, ქალაქის აღმოსაჩენად ეს უფრო საინტერესო გზაა, ეძებო პატარა დეტალები, ვიდრე პირდაპირ თვალში შეგეჩხიროს. ამ დროს მნახველს უფრო მეტი ემოციური ბმა უჩნდება ხელოვნებასთან".

თბილისში უკვე სამი ასეთი კერამიკული ფიგურა გამოჩნდა. გიორგი გაგოშიძისთვის ცალკე შემოქმედებითი პროცესია ამ ქანდაკებებისათვის ნავსაყუდლის პოვნა:

"ჩემთვის ამ სერიის ერთ-ერთი საინტერესო მხარე არის ადგილების ძიება ფიგურებისთვის. ზოგ შემთხვევაში პირიქით ხდება, ქუჩებში ვსეირნობ და ადგილებს ვაკვირდები, რომ ამ ადგილის მიხედვით გავაკეთო ქანდაკება".

როგორც გაგოშა თავისი შემოქმედების მოყვარულებსა და On.ge-ს მკითხველებს ჰპირდება, სულ მალე თბილისში კიდევ მეტი მსგავსი ფიგურა გამოჩნდება და მათ სასიამოვნო სიურპრიზივით მოულოდნელ ადგილებში გადავაწყდებით:

"დააკვირდით ქუჩაში ამ პატარა ზომის ფიგურებს და ნახავთ, რომ მიუხედავად მცირე ზომისა, ძალიან ბევრ ემოციას და ხმამაღალ სათქმელს ინახავენ თქვენთვის".