"მოგვიტანეთ ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაქცია", — ასე პასუხობს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ამომრჩევლის მოსასყიდად პროდუქტს არიგებს. საუბარია ზუგდიდზე, სადაც მედიის ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზებში სურსათსა და ღვინოს აგროვებენ და შტაბებში ანაწილებენ.

კობახიძის თქმით, თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება, ეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენაა და აზიანებს, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე, ქართულ ოცნებას, ამიტომ ექნებათ მკაცრი რეაგირება.

"თუ სადმე იქნება კონკრეტული ფაქტი თავისი სახელებითა და გვარებთი, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა, ამაზე გვექნება მკაცრი რეაგირება. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი შედეგი და ასეთ პირობებში, მითუმეტეს, ვინმეს არ მივცემთ იმის საშუალებას, თუნდაც მინიმალური ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო გარემოს".

სასურსათო პროდუქტით ამომრჩევლის მოსყიდვაზე საქართველოში თითქმის ყოველი არჩევნების დროს ლაპარაკობენ. მათ შორის, ერთ-ერთი ბოლო არჩევნების დროს განხივლის საგანი იყო ის, რომ ამორჩეველი კარტოფილითა და ხახვით მოისყიდეს. ბრალდებები უმეტესად არ დადასტურებულა.