ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება რუსულ კომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის რუსეთისგან ზეგავლენას.

"მათ აქვთ პირადი ინტერესები, ხვალ სამიზნე იქნება თბილგაზი და არც იმას გამოვრიცხავ რომ ყაზტრანზგასმა რუსეთს მიჰყიდოს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა. ფაქტობრივად, გრძელდება მცოცავი ეკონომიკური ანექსია".

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არ ჰქონდა საფუძველი რომ გაზპრომთან ამგვარი ხელშეკრულება გაეფორმებინა:

თხუთმეტი წელია მოქმედებს ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო ხელშეკრულება რომელმაც ქვეყნის მძიმე პერიოდშიც კი ვერ მოახერხა რომ გაზპრომს შეეცვალა. ეს არის კაპიტულანტური ქმედება, ეს არის სერიოზული დანაშაული".

ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომ-ექსპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც ნედლეულის ანაზღაურების ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულება 2-წლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ დარჩება ნედლეულით ანაზღაურებს ფორმა, შემდეგ კი, ფულადი ანაზღაურებით გაგრძელდება.

აქამდე, გაზპრომ-ექსპორტისგან გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტისაგან საქართველო 10%-ს იღებდა.