დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის. მან ეს განცხადება სამედიცინო უფროსკურსელების გადამზადების პროცესთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში 31 000 სამედიცინო განათლების ადამიანია, რომელთა გამოყენებაც შეიძლება პანდემიური პროცესის დროს.

"მოგეხსენებათ დაინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს, 1 600-მდე სამედიცინო პერსონალია, ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებული, ამიტომ მე-5, მე-6 კურსის სტუდენტებს თავისუფლად იმუშავონ კოვიდცენტრებში, იმუშავონ ექიმების ასისტენტებად, ექთნების ასისტენტებად და მიეხმარონ ამ ბრძოლაში ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თითოეულ უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს კურიკულუმები, როგორ უნდა გადამზადნენ უფროსკურსელები სწრაფად, რათა ელემენტარული ცოდნა კოვიდის მართვასთან და პრევენციასთან დაკავშირებით იცოდნენ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უფროსკურსელებისთვის სწრაფი სპეციალური კურსის გავლის პროცესი დაიწყო.