ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მათ მოსყიდვაზე საუბრობს.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ამგვარ ხერხებს იყენებდა ყველა სხვა არჩევნებზე. იგი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვითა და ზეწოლით ქართულ ოცნება ვეღარ შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ქვეყანაში დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები.

"ამ არჩევნებზე, ისევე როგორც ადრე, ქართული ოცნება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა არალეგიტიმურ ინსტრუმენტს, როგორიც არის ბიუროკრატიული, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა. ისინი აშანტაჟებენ მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, საჯარო მოხელეებს, ოღონდ, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ყოველ არჩევნებზე, 2016 წლიდან მოყოლებული, ის იღებს უფრო ნაკლებ ხმას.

ფაქტია, რომ ეს ყველა ინსტრუმენტი ჯამში არ მუშაობს. ეხლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნება მიიღოს 30-40%-მდე, რათა გადავიდეს ოპოზიციაში. ეს არის სავსებით მიღწევადი ამოცანა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა არის შემცირებული, რაც არის ახსნადი, იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს რეაქცია ეკონომიკუირ კრიზისზე, ჩააფლავეს რეაქცია კორონაზე, კრიმინალზე, ანუ ყველა მიმართულებით არიან ხელმოცარულები.

ამიტომ, მათ მიერ რამდენიმე ათეული ლარის დარიგება მოსახლეობისთვის და იმის იმედად ყოფნა, რომ ამის გამო გადარჩებიან და ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, არის ზღაპარი. ისინი ყველა შემთხვევაში დამარცხდებიან და ამ არჩევნების შემდეგ მოხდება ახალ ეტაპზე გადასვლა, დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები და ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში, ხოლო ის პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, პანდემიასთან დაკავშირებული ბრძოლა, ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული აუცილებლად", — განაცხადა კაპანაძემ.