იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ქართული ოცნების სიის რიგით მე-3 ნომრის, თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემების მოგვარებისთვის ქართულმა ოცნებამ იბრძოლა არა ადამიანებს, არამედ სისტემის წინააღმდეგ. ასე უპასუხა მან რუსთავი ორის ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, არის თუ არა სამართლიანი წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმეების მოსამართლეების უვადოდ გამწესება სამართლიანი.

"სასამართლო რეფორმა, დღეს რომ ვთქვათ, რომ დამთავრდა და ეს არის საბოლოო სურათი, ეს არ იქნება სწორი. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მახსოვს და ვიცი, რომ არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი, გვებრძოლა ადამიანების წინააღმდეგ, თუ გარდაგვექმნა სისტემა. მე კონკრეტულ გვარებზე, რომლებიც ყველას გვახსოვს, აზრი, პირდაპირ გეუბნებით, არ შემიცვლია. ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მქონდა, მაქვს ახლაც კონკრეტული გვარების მიმართ", — თქვა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან დიდი ანალიზის და ბჭობის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ, გავაკეთა არც თუ ისე პოპულარული არჩევანი, რომ ემუშავა არა ადამიანების, არამედ სისტემის გარდასაქმნელად.