საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

"მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია. ეს ჩემთვის უდიდესი და იმავდროულად უმძიმესი პასუხისმგებლობაა, მით უფრო იმ დროს, როდესაც აფხაზური ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაშია შეტანილი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საოკუპაციო ხაზის მიუხედავად, ერთობლივი და სამომავლო ინტერესია, რომ აფხაზური ენის დაცვაზე აფხაზებთან ერთად იზრუნოს.

"ჩემი და ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე არაა, აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, კულტურის, იდენტობის მიმართ არსებული მოვალეობაცაა, რადგან საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე სწორედ ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე დგას. ამის დავიწყება ჩვენთვის საკუთარი თავის დავიწყების ტოლფასია და ეს შეუძლებელია", — განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ასევე, აუცილებელია, აფხაზურენოვანი ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვა.