ქართული ოცნების სიის მესამე ნომრის თეა წულუკიანის თქმით, "თავისუფლად გადაადგილდება" გადაჭარბებულია ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისთვის. ამის შესახებ მან რუსთავი ორის ეთერში განახცადა.

"ის არაა დაპატიმრებული, მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება გადაჭარბებული ნათქვამია. ჩვენ არ ვიცით ის თავისუფლად გადაადგილდება, თუ იმალება," — განაცხადა წულუკიანმა.

26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს ღამით, ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა სპეცოპერაციაც. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

გაიგე მეტი: