პარტია რეფორმერმა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მუდმივმოქმედი პლატფორმა შექმნა. როგორც რეფორმერის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იურისტი, გიორგი ავაზაშვილი აცხადებს, მოხალისეობა საქართველოში განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უპრეცენდენტო შემთხვევაა.

ამ ეტაპზე პლატფორმაში ჩართულია სამი ორგანიზაცია — პარტია რეფორმერი, ჰელფინგ ჰენდი და მოხალისეთა ჰაბი, რომელთაც ამ მხრივ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

"ეს არის პირველი მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომელშიც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტია. ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მოხალისეობის განვითარებისთვის. მოხალისეობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რაც თავის მხრივ დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენია.

საქართველოში, სამწუხაროდ, არასწორად არის აღქმული მოხალისეობის არსი. გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზებიც. კანონში არ გატარებულა ცვლილება საგადასახადო კუთხით. მოხალისეობრივი საქმიანობა ჯერ კიდევ იბეგრება, რაც მოდის წინააღმდეგობაში მოხალისეობის მთავარ პრინციპთან, მოხალისეობრივი საქმიანობა არ უნდა იბეგრებოდეს.

მნიშვნელოვანია პლატფორმაში ჩაერთოს ბევრი ორგანიზაცია. ამისი სურვილი და მზაობა უკვე გამოხატა კარიტასმა, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ. არსებითი იქნება პლატფორმაში კერძო სექტორის ჩართვაც, რადგან მოხალისეობა ბიზნეს სექტორთან პირდაპირ კავშირშია. როგორც წესი, მასპინძელი ორგანიზაციები ძირითადად ბიზნეს-კომპანიები არიან", — აცხადებს გიორგი ავაზაშვილი.

როგორც გიორგი ავაზაშვილი აცხადებს, პლატფორმის ფორმატში გაიმართება ინტენსიური შეხვედრები და უახლოეს მომავალში შეიქმნება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.