ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, აჭარაში მუდმივი, გაუთავებელი ექსპერიმენტების სერია იყო და ახლაც ასე გრძლედება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხალხი არასდრის ირჩევდა თვითონ, თუ ვის უნდა ემართა ბათუმი.

"ბათუმი, ასე მკაფიოდ ბათუმური ცხოვრებით, აჭარა, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონი, მახსოვს 1988 წლიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, რა პერიოდია — იცვლება სისტემა. მას შემდეგ ვერ ვიხსენებ ვერც ერთ დროს, ვერც ერთ მმართველობას, რომ ჩვენ, აქაურებს, გვეთქვა, ავირჩიეთ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენთვის რომ ზრუნავს, ისეთი.

მუდმივი, გაუთავებელი, წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია იყო ჩვენს რეგიონში და ახლაც გრძელდება. რატომ? ერთადერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, სწორედ ისაა, რომ ვერასდროს, ვერასდროს მოხერხდა, რომ აქაურებმა კი არ მივიღოთ ვიღაცის ან ვიღაცების დანიშნული, არამედ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვინ უნდა მართოს ბათუმი, ვინ უნდა იყოს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში.

სწორედ ამიტომ, უნდა შეგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად არის უმნიშვნელოვანესი დღე აჭარისთვის — ჩვენ ვირჩევთ აჭარის უმაღლეს საბჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავამწესოთ აჭარის უმაღლეს საბჭოში განათლებული, პრინციპული, ამ მხარის და მთელი ჩვენი კუთხის მოსიყვარულე ადამიანები. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დასრულდეს წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია აჭარაში", — განაცხადა ახვლედიანმა.