პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის სპეცოპერაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გულგატეხილია იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა.

"შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში. შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მას შემდგომ, რაც სისხლი არ დაიღვარა, დაჟინებით მოითხოვს და ამხელს პოლიციას, რომ არის უუნარო და უმოქმედო", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სპეცოპერაციის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ მიიღო დავალება, რომ სისხლი არ დაღვრილიყო და მათ ეს დავალება შეასრულეს.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

თავდასხმის დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და წამებას გულისხმობს.

გაიგე მეტი: