2019 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი ადამიანი ტუბერკულოზით დაავადდა. ეს ბაქტერიული დაავადება სასიკვდილო პოტენციალის მატარებელია და როგორც წესი, იგი უპირატესად ფილტვებს აზიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ინფიცირებულია, მაგრამ მათ უმეტესობას დაავადება აქტიურ ფაზაში არ აქვს.

ინფიცირებულები დაავადების განვითარების 5%-დან 15%-მდე რისკის მატარებლები არიან. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ტუბერკულოზი ადამიანთა სიკვდილიანობის მიზეზთა პირველ ათეულში მოიაზრებოდა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, მკვლელი ინფექცია გახლავთ, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს

ორგანიზაციის გამოქვეყნებული ახალი ანგარიში უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ტუბერკულოზთან ბრძოლის შესახებ. დაავადების პრევენციაც და მკურნალობაც შესაძლებელია.

ანგარიში მთლიანობაში პესიმისტურ სურათს ხატავს. ინფიცირებულთა უმეტესობა (დაახლოებით ⅔) 8 ქვეყანაში ცხოვრობს. დაავადების ყველაზე მაღალი სტატისტიკა შემდეგ სახელმწიფოებს აქვთ: ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, ფილიპინები, პაკისტანი, ნიგერია, ბანგლადეში და სამხრეთ აფრიკა. იმის გათვალისწინებით, რომ ინფექციის მატარებელ ბევრ პაციენტს ჯერ კლინიკური სიმპტომები არ გამოვლენია, ისინი შესაძლოა, საჭირო მკურნალობის გარეშე დარჩნენ. მსგავსად დაგვიანებული თერაპიის გამო დაავადების გამოსავლიანობა არც ისე კეთილსაიმედოა ხოლმე.

როგორც ირკვევა, ტუბერკულოზის შემთხვევებმა 2015-2019 წლების შუალედში 9%-ით იკლო. მიუხედავად ამისა, ეს WHO-ს მიერ დაწესებულ მიზნებს მაინც ჩამორჩება.

ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა კორონავირუსის პანდემიამ. 2020 წლის იანვრიდან ივნისამდე, დიაგნოსტირებული ტუბერკულოზის სტატისტიკაში საყურადღებო ვარდნა ფიქსირდება. პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისების გათვალისწინებით, WHO-ს მიერ მოწოდებული მოდელი პროგნოზირებს, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყოველწლიური შემთხვევები 1 მილიონით გაიზრდება, თუ მთელი რესურსი COVID-19-ისკენ იქნება მიმართული. როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყანა რიგში, რომელმაც ტუბერკულოზის მენეჯმენტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართა. WHO შენიშნავს, რომ ეს ფინანსური ალოკაცია მცირეა ($5 მლნ-ზე ნაკლები), მაგრამ იგი შესაძლოა გაიზარდოს.

მიუხედავად ყველაფრისა, ახალი ანგარიში იმედის საფუძველსაც ტოვებს. დაავადების პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაფინანსება 2006 წლიდან დღემდე გაორმაგდა და 7-მა ქვეყანამ, სადაც ტუბერკულოზი მძიმე სოციალურ პრობლემას წარმოადგენდა, სიკვდილიანობის გარდამტეხი შემცირება მოახერხა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აივ-ინფიცირებულთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი სწორედ ტუბერკულოზი გახლავთ და ამ ეტაპზე, ისინი პრევენციულ მკურნალობას ისეთი სიხშირით იღებენ, როგორც არასდროს.