დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7-8 ათასამდე ექიმი, რომელთაც სამედიცინო განათლება აქვთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, დაუსაქმებელნი არიან, გადამზადდებიან და ჯანდაცვის სისტემას დაეხმარებიან. თუმცა მისი თქმით, ეს მოხდება მაშინ, თუ ამის საჭიროება დადგება.

"ჩვენთან აქტიურად დასაქმებულია, დაახლოებით, 19 ათასამდე ექიმი, 17 ათასამდე ექთანი. ამის გარდა, ქვეყანაში არის 27-28 ათასამდე სერტიფიცირებული ექიმი. ექიმები, ამ 19 ათასის ზემოთ, 7-8 ათასი ექიმი, რომელთაც აქვთ სამედიცინო განათლება, მაგრამ არ არიან დასაქმებულნი, შესაძლებელია და არის საუბარი, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ისინი მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სასურველია, მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი პენსიაზეა გასული, ზოგიერთი არ მუშაობს სხვადასხვა პირობის გამო", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭომ სამედიცინოს მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტების გადამზადების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, გამყრელიძის განმარტებით, თუ ამის საჭიროება შეიქმნა, უნივერსიტეტები მათ გადაამზადებენ, რის შემდეგაც, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ექიმების ასისტენტებად ან სხვადასხვა ქოლ-ცენტრში.