დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი ყველაზე ეფექტურია. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, შემდეგი ეფექტურობით ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი გამოირჩევა.

"გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რამდენი შრისგან შედგება, რაც მეტი შრეა ალბათობა იმისა, რომ ის უფრო შეაკავებს ვირუსს, უფრო მაღალია", — აღნიშნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, სრული ეფექტურობისთვის ნიღაბი სწორადაც უნდა გვეკეთოს. ამის გარდა, პირბადის ტარების გარდა სხვა რეკომენდაციებიც უნდა დავიცვათ.

პანდემიის დაწყების შემდეგ დახურულ შენობებში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მთავრობამ გასცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადე გარე სივრცეებშიც ვატაროთ, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება.