საქართველოს კინემატორაფიის ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველ რეჟისორ ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი მარქსის ქუჩა #12 2020 წლის ევროპულ კინოდაჯილდოებაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი და საუკეთესო კინოსურათის ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

ევროპულმა კინოაკადემიამ წლევანდელი კანდიდატები თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა: წელს სულ 24 ფილმია წარდგენილი.

ამ დაჯილდოებაზე თითოეულ ფილმს კანდიდატად ისეთი ცნობილი კინოფესტივალები წარადგენენ, როგორებიცაა ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის ფესტივალები. ირინე ჟორდანიას ფილმი ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა PÖFF Shorts-მა შეარჩია.

კადრი ფილმიდან მარქსის ქუჩა #12

აღსანიშნავია, რომ 24 კანდიდატი ფილმიდან საბოლოოდ მხოლოდ ხუთი ფინალისტი ნამუშევარი შეირჩევა, რომელთაგანაც კინოაკადემიის 3 800 წევრი ხმის მიცემით გამოავლენს საუკეთესო კინოსურათს. დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს რეიკიავიკში გაიმართება.

ევროპული კინოდაჯილდოება 1988 წლიდან იმართება და მას ევროპული აკადემია ხელმძღვანელობს, რომელიც თავდაპირველად ლეგენდარულმა რეჟისორმა ინგმარ ბერგმანმა დააფუძნა.