ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ თეა წულუკიანის განცხადების საპასუხოდ ის ორგანიზაციები ჩამოთვალა, რომლებიც, მისი თქმით, მმართველ გუნდთან არის დაკავშირებული და აკვირდებიან არჩევნებს.

"ქალაბტონმა წულუკიანმა რაღაც სია რომ წარადგინა და ტყუილებით გაავსო იქაურობა, ძალიან მაინტერესებს რატომ არ წაიკითხა დამკვირვებლების სიაში შემდეგი სუბიექტები:

  • საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენთდა პროფესიული კავშირი — მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩენებს;
  • გრიგოლ გაგნიძის ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია — ასევე მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება;
  • ლადო ბოჟაძის არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;
  • ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია — ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
  • სახელმწიფო და მოქალაქე, ან მწვანე დედამიწა.

ამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში ისეთებიც იქნებიან, რომელთაც არ მოსწონთ ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან, ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, გაუგებარია", — განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, წულუკიანს და ივანიშვილს ეშინიათ დამკვირვებლების, რადგან აქვთ იმედი, რომ რაღაცას გააყალბებენ.

"როგორც ჩანს, ქალაბტონი წულუკიანი, აშკარად არის პანიკაში. მან იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ეხლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი. წულუკიანი ხომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ცნობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ძალიან ცნობილია თუ ნაკლებად ცნობილია. ის იცნობს მხოლოდ თავის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ეხლა აპროტესტებს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არის ნაკლები, ადგილობრივები თუ აკვირდებიან ეს არის მისთვის პრობლემა", — თქვა სერგი კაპანაძემ.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების პარტიული სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან. იუსტიციის ყოფილი მინისტრის თქმით აქედან 8 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპულ საქართველოს ჰყავს.