ქალს, რომელიც ამბობს, რომ ავტოსტოპით მგზავრობისას მძღოლმა კარი ჩაუკეტა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, პროკურატურა დაზარალებულად ამ დრომდე არ ცნობს. ამის შესახებ დღეს მისმა ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა და დაზარალებულად ცნობის გარდა, გამოძიების 18-137 მუხლით დაწყებას ითხოვს. ეს მუხლი გაუპატიურებისთვის პირობების განზრახ შექმნას გულისხმობს.

ქალის უფლებებს ორგანიზაცია საფარი იცავს. ადვოკატი, თამარ ლუკავა აღნიშნავს, რომ პროკურატურას 13 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა არც წერილობითი და არც ზეპირი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

"არ ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებს პროკურატურა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიმართვა პროკურატურის მიმართ არის ის, რომ დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და მოგვეცეს საშუალება, გავეცნოთ საქმის მასალებს და გავარკვიოთ, მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები გაუპატიურების მომზადების ფაქტთან დაკავშირებით", — აღნიშნავს ის.

ლუკავას თქმით, ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით ადვოკატები შეძლებენ, შუამდგომლობები დააყენონ იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც ფიქრობენ, რომ უნდა ჩატარდეს.

"მხოლოდ ერთი და იგივე პასუხია, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თავისუფლების უკანონო აღკვეთის მიმართულებით", — განაცხადა თამარ ლუკავამ.

9 ოქტომბერს, გორის გზაზე ტრაილერის მძღოლმა ავტოსპოტპზე მდგარი ქალი თბილისამდე გაიყოლა, მოგვიანებით კი სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო, ფსიქოლოგიურად იძალადა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.

როგორც On.ge-ს ქალის მეგობარი, ნუკა გაბრიჩიძე უყვება, მძღოლი ჯერ ქალს დაუმეგობრდა, ეხუმრებოდა, შემდეგ კი მარიხუანა მოაწევინა და სექსი შესთავაზა. ნუკა ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუპატიურებით დაემუქრა. პოლიცია მეგობარმა გამოიძახა, რის შემდეგაც მანქანა გააჩერეს და ქალი გადმოვიდა, თუმცა ბრალდებული არ დაუკავებიათ. ნუკას თქმით, პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, სამართალდამცავები ქალს დასცინოდნენ და ჰკითხეს — როცა კაცმა სექსზე საუბარი დაიწყო, ეს მან შეთავაზებად მიიღო თუ მუქარად. როგორც ნუკა ამბობს, ქალის პასუხის შემდეგ, რომ ეს მუქარად აღიქვა, პოლიციის თანამშრომელმა დააზუსტა, რომ ეს შეთავაზება იყო.

ნუკა და მისი მეგობარი პოლიციამ უკვე გამოკითხა. ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ამ დროისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.