"ალბათ, გაგიხარდებოდათ თქვენც გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა", — ასე განუცხადა ჟურნალისტებს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების პარტიული სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა.

"ჩემი მადლობა ეფუძნება იმასაც, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს მთლიანად იმ სახელმწიფოს სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ, თუ ეს ჩამოშლილად მიგაჩნიათ, ალბათ არ ჩამოშლილად იმას მიიჩნევთ, ღმერთმა დაგვიფაროს, და გაგვღვიძებოდა, ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი იქნებოდა გვამებით მოფენილი, ალბათ ეს უფრო სასიხარულო იქნებოდა მავანისთვის. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მათ შორის, ალბათ გაგიხარდებოდათ, თქვენც გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა.

ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრსს ვახტანგ გომელაურს. მისი თქმით, სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიცია საამაყოა. წულუკიანი, პოლიციელ ავთანდილ გალდავას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამეგრელო ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი არის, ვინც ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა.

26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს ღამით, ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა სპეცოპერაციაც. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

გაიგე მეტი: