ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის ოფისში სამართალდამცავები გამოცხადდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიამ ფეისბუკზე, თავის გვერდზე გაავრცელა:

"გირჩს ოფისში სტუმრად ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მოვლენების განვითარების შესახებ გაცნობებთ".

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუკ ლაივის დროს თქვა, რომ სამართალდამცავებმა წარმოადგინეს სასამართლოს ნებართვა, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ შეამოწმონ, დათესილი მცენარე ნამდვილად მარიხუანა არის თუ არა.

On.ge-ს ჟურნალისტი იმყოფება ადგილზე და დამატებით დეტალებს პერიოდულად შეგატყობინებთ.

10 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიამ, გირჩი, საკუთარ ოფისში მარიხუანის დათესვის შესახებ განცხადება გააკეთა. მცენარის დათესვა საქართველოს რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა. 3 დღის წინ კი პარტიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ახალამოსული მცენარეების ფოტოებიც გამოქვეყნდა.

შსს-მ გამოძიება 31 დეკემბერსვე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პარტიის ოფისში სამართალდამცავები არ იყვნენ მისული და არც პარტიის წევრები დაუკითხავთ.

მარიხუანის საჯარო დათესვას წინ უძღოდა პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.