ბოლო პერიოდში ნეტფლიქსმა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გამოუშვა ცნობილი მომღერლების კარიერაზე, იქნება ეს ლედი გაგა თუ ტეილორ სვიფტი, მალე კი კიდევ ერთი ლეგენდარული შემსრულებლის შესახებ გამოვა მხატვრული სერიალი, რომელიც საკულტო მოსიკოსის ხანმოკლე ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

სელენა პერესი მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი იყო, რომელმაც ახალგაზრდა ასაკშივე საქვეყნოდ გაითქვა სახელი თავისი სიმღერებით: ის პირველი ლათინოამერიკელი მომღერალი გახდა, რომელიც Billboard-ის ჩარტებში მოხვდა. სამწუხაროდ, მისი კარიერა მეტისმეტად ადრე დასრულდა: ის 23 წლის ასაკში მოკლეს.

სწორედ ამ ტრაგიკული ბედის მქონე შემსრულებლის შესახებ მოგვითხრობს ნეტფლიქსის ახალი სერიალი სელენა, რომლის ტრეიელერიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა:

მომავალი სერიალი ამ ცნობილი მომღერლის ბავშობიდან საყოველთაო აღიარებამდე განვლილ გზას აღწერს და მის როლს მსახიობი კრისტიან სერატოსი შეასრულებს, რომელიც მანამდე სერიალში მოსიარულე მკვდრები მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სელენა პერესის ცხოვრებას ეკრანზე გააცოცხლებენ: თავდაპირველად 1997 წელს გამოვიდა ფილმი სელენა, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

ჯენიფერ ლოპესი ფილმში სელენა.

ფოტო: Warner Bros.

ნეტფლიქსის ამ ახალი სერიალის პრემიერა 4 დეკემბერსაა დაგეგმილი და მაყურებელსაც სწორედ მაშინ შეეძლება ამ ცნობილი მომღერლის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული დრამის შეფასება.