თავისუფალი დემოკრატების სიის პირველმა ნომერმა და პარტიის გამგეობის წევრმა, ვახტანგ მჭედლიძემ განაცხადა შავგულიძეს უნდოდა, რომ სანდრო ბარამიძე თავისუფალი დემოკრატების პარტიული სიის მეორე ნომერი ყოფილიყო. მჭედლიძის თქმით, შავგულიძის უკმაყოფილების მიზანი სწორედ ის იყო, რომ სიაში გუნდთან ერთად ვერ გადიოდა.

"შალვა შავგულიძეს უნდოდა ევროპულ საქართველოსთან შეერთება, რაზეც მე ვუთხარი, რომ, კი ბატონო, მაგრამ გამგეობასთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები. მან განმიცხადა ასეთი რამ, რომ თუ ჩვენ შევერთებოდით ევროპულ საქართველოს, ჩვენი პარტია გადარჩებოდა და პირველი უნდა გვეზრუნა პარტიისთვის", — განაცხადა მჭედლიძემ მედიაცენტრ მთავარში გამართული პრესკონფერენციისას.

მისი თქმით, ევროპულ საქართველოსთან შეერთების უპირატესობები განიხილეს გუნდთან, გამგეობის წევრებთან ერთად.

"შალვამ ახსნა, რომ პლუსი არის ის, რომ გადარჩება ჩვენი პარტია და შემდეგ 2024 წლისთვის შეგვიძლია ცალკე ვიბრძოლოთ, რაზეც იქ კამათი წავიდა და ვუთხარით ასეთი რაღაც, რომ მოდი შევერთდეთ, პირველი ნომერი ჩაეწერეთ თქვენ პარტიაში, შემდეგ, ვინც ბევრ ხმას აიღებდა ყოფილიყო ის. რადგან ევროპული საქართველოც აკეთებდა იგივე პრინციპს, რაზეც მან უარი განაცხადა და თქვა, რომ ამდენი ხანი არ ჩანდი შენ და რა უფლება გაქვს, რომ ასეთ პირობებს მიყენებ", — ამბობს ვახტანგ მჭედლიძე.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ თავისუფალი დემოკრატები 20 აგვისტოს დატოვეს და ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ. შავგულიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიაღებინა.

შავგულიძის განცხადებით, ის ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის წევრების მოქმედებებზე. ამასთანავე, მისი თქმით, არ იყო დარწმუნებული, რომ პარტიის გამგეობის წევრები უერთგულებდნენ ოპოზიციურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარტია უარს ამბობს შეუქმნას კოალიცია ქართულ ოცნებას.