ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში, ფიზიკოსებმა 3D პრინტერის გამოყენებით სამყაროში არსებული ყვეეეელაზე პატარა საცდელი გემი შექმნეს, რომელიც ბენჩის სახელითაა ცნობილი. მისი სიგრძე სულ რაღაც 30 მიკრონია (1 მიკრონი = 10-6 მეტრი), რაც ადამიანის თმის სიგანის მესამედზე ნაკლებია და ბაქტერიულ უჯრედზე ექვსჯერ მეტია. ის არამხოლოდ პატარა, არამედ საოცრად დეტალურადაა დაპრინტული. გემზე რთული გეომეტიის მქონე ღია კაბინასაც დაინახავთ. ბენჩის შექმნის მიზანი კი ბაქტერიებისა და სპერმის მსგავსი მიკროორგანიზმების სითხეში გადაადგილების მექანიზმების შესწავლაა.

3D პრინტერისთვის ასეთი პატარა ობიექტის შექმნა გუნდმა კომერციული Nanoscribe 3D მიკროპრინტერის 2PP (ორი ფოტონის პოლიმერიზაცია) პროცესის საშუალებით მოახერხა. [იხილეთ ვიდეო]. 3D პრინტები იქმნება წვეთების შიგნით ისეთი მასალისგან, რომელიც ლაზერების დასხივების შედეგად მყარდება.

"ლაზერის სხივის წვეთის გასწვრივ კონტროლირებადი მოძრაობით შესაძლებელის ისეთი ფორმის ნავის შექმნა, როგორსაც მოვისურვებთ. რადგან ეს პრინტი იქმნება წვეთში და მას ჩვენ ფენებად ვბეჭდავთ, შესაძლებელია გემის კაბინაში ღია სივრცის შენაარჩუნებაც", - განაცხადა მკვლევარმა დანიელ კრაფტმა.

გუნდის მიერ გემის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს სახალისო პროცესი იყო, თუმცა რაც მთავარია, მათ შექმნეს კვლევაზე მორგებული გემი, რომელიც 5 მიკრონზე ნაკლები დიამეტრის მქონე სპირალს შეიცავს. მის მოძრაობაზე თვალის დევნებით მეცნიერები შეძლებენ მიკრონაწილაკების ტრაექტორიის დადგენას.

3D პრინტვის ტექნიკა მომავალში ბევრი სპეციფიური ფორმის შექმნაში გამოადგება მეცნიერებს. ამ ფორმებს კი ისინი გამოიყენებენ ბიოლოგიური მიკროორგანიზმებისა და მათი სითხეში მოძრაობის თავისებურებების შესასწავლად. "საბოლოოდ, ეს ტექნიკა საშუალებას მოგვცემს კონტროლი დავამყაროთ სინთეტიკური მიკრომცურავების ქცევაზე, რაც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თერაპიული დიაგნოსტიკისა და წამლების მიწოდების საქმეში", - წერია გამოქვეყნებულ კვლევაში.