საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს 2016 წელს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ეს არის იმ საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე, საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით,“ - მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.