ბადრი ესეუბას ოჯახის წევრების გამოკითხვა დასრულდა. მამა, ტარიელ ესებუა, დამთხვევებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი შვილი ხვალ ან ზეგ თავად გამოჩნდება.

"თქვენ თვალს ხომ ხედავთ კარგად, არ ემთხვევა. ხმა ემთხვევა? — არა, არ ვიცი. არ ვიცი, სად არის", — განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

წუხელ სამეგრელოში რამდენიმე სახლში პოლიცია შევიდა, მათ შორის იყო ბადრი ესებუას სახლიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა. ის 1988 წელსაა დაბადებული. უწყებაში არ დაუდასტურებიათ არის თუ არა ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას შსს-მ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236, 323 და 329-ე მუხლებით მიმდიანრეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", — განაცხადა მან.

თავდასხმის დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და წამებას გულისხმობს.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

გაიგე მეტი: