აშშ-ს სენატმა ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა. ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი კვირით ადრე მოხდა. როგორც BBC წერს, ბარეტის არჩევით უზენაესში კონსერვატორი მოსამართლეების ფრთა ძლიერდება (6:3).

სენატში უმრავლესობაში მყოფმა რესპუბლიკელებმა დაძლიეს დემოკრატების ბოიკოტი. ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა, სენატორი სიუზენ კოლინზია.

9 მოსამართლისგან შემდგარი უზენაესი სასამართლოს იდეოლოგიური ბალანსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებისას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თავის პოსტს სიცოცხლის ბოლომდე იკავებენ ან მანამ, სანამ საკუთარი ნებით არ სანამ საკუთარი სურვილით არ გადადგება.

ემი ბარეტმა მოსამართლის ფიცი საღამოსვე თეთრი სახლის ეზოში დადო. ის უკვე მესამე მოსამართლეა, რომელიც ტრამპმა პირველივე საპრეზიდენტო ვადაში წარადგინა. 2017 წელს ტრამპმა მოსამათლედ ნილ გორსაჩი წარადგინა, ხოლო 2018 — ბრეტ კავანო. ემი ბარეტი დაიკავებს მოსამართლე რუთ გინსბურგის ადგილს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

ფოტო: AP

მოსამართლე ბარეტი მორწმუნე კათოლიკე და აბორტის მოწინააღმდეგეა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აბორტი დასაშვები გახდა. თვითონ ბარეტი არაერთხელ ირწმუნებოდა, რომ მის რწმენასა და შეხედულებებს საქმეზე არანაირი გავლენა არ ექნებოდა.

დემოკრატები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ უზენაესში ახალი მოსამართლე 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა უნდა წარადგინოს.

2016 წელს მოსამართლე ენტონი სალიას გარდაცვალების შემდეგ სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა უარი თქვა კენჭისყრის ჩატარებაზე, რათა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატურა დაემტკიცებინათ. ობამამ მერიკ გარლანდის კანდიდატურა ჯერ კიდევ თებერვალში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე წარადგინა, თუმცა მიტჩ მაკკონელი ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არჩევნების წელს არ უნდა ინიშნებოდეს.