ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ქვეყანას ხელისუფლებაში სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ნათესავებით კი არ აავსებს პოლიტიკას, არამედ იპოვის წესიერ და პროფესიონალ ადამიანს, რომლსითვისაც უზენაესი იქნება სამართალი, ადამიანის უფლებები და სამშობლო.

"ხშირად არის, რომ გგულშემატკივრობენ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი... რა უხარიათ, რას ელიან? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთია შემთხვევა, როცა შენი დაწინაურება, პოლიტიკაში მისვლა სწორედ იმიტომ უხარიათ, რომ იციან, შენ მიდიხარ ღუმელთან და შეიძლება, ეს სითბო, ეს სიკეთეები, ეს კომფორტი მათაც გაუნაწილო.

არანორმალური საბჭოთა და ალბათ არამარტო საბჭოთა გადმონაშთია, ტრადიციაა, რომელიც ძირფესვიანად თუ არ დავანგრიეთ, ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. როგორ დავანგრიოთ? დანგრევის ერთადერთი გზა ვიცი — პარლამენტში, მთავრობაში, ხელისუფლებაში, ყველგან, ყველა რგოლში, უნდა იყოს მეტი ისეთი ადამიანი, ისეთი საჯარო მოხელე და პოლიტიკოსი, რომელიც ბიძაშვილ-მამიდაშვილებით კი არ აავსებს პოლიტიკას, არამედ იპოვის წესიერ, პროფესიონალ, ერთი მხრივ, კეთილშობილ, მეორე მხრივ კი, ცივსისხლიან საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს, რომლებისთვისაც უპირველესი, უზენაესი იქნება სამართალი, ადამიანის უფლებები და სამშობლო", — განაცხადა ახვლედიანმა.