შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას ფოტო, იმიტომ არ გამოაქვეყნეს საჯაროდ, რომ ეს იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის.

"თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამით და შესაბამისად იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი, რადგან მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს. ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღემდე იმალება. შესაბამისად ჩვენს მიერ მისი ფოტოების საჯაროდ, მედიის საშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ ლატენტური გამხდარიყო და გართულებულიყო მისი მოძებნა", — განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მთავარი არხის ეთერში ნიკა გვარამიამ გუშინ, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში ბადრი ესებუა შეიჭრა.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა. მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.