საპარლამენტო არჩვენებამდე ოთხი დღით ადრე, ტრანსატლანტიკური კომისია კეთილსინდისიერი არჩევნებისთვის (TCEI) წარმოგიდგენთ ინტერნეტ თამაშს — დეზინფორმაციის დღიურები — ქართულ ენაზე. ეს თამაში დაგეხმარება გაიგო, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციასა და დიფფეიქს დემოკრატიულ არჩევნებზე.

თამაში შექმნილია როგორც ამომრჩევლების მედიაწიგნიერების უნარების გამოსაცდელად, ისე საგანმანათლებლო მიზნით. თამაშს, სადაც მოქმედება 2038 წელს, დემოკრატიის ქალაქში ვითარდება, ჰყავს მთავარი გმირი, რომელიც გამოგონილი პოლიტიკოსია, სახელად — ალალ მართალი. ის აგებს არჩევნებს მის წინაააღმდე მიმართული დეზინფორმაციის კამპანიისა და დიფფეიქ მასალების გავრცელების გამო. პოლიტიკოსის პერსონალური დღიურის ჩანაწერების საშუალებით, თამაში მოგვითხრობს პოლიტიკოსის გამოცდილების შესახებ — დაწყებული მოულოდნელი წაგებიდან, მის მიერ ახალი სტრატეგიების შემუშავებამდე, რომელთა გამოყენებით ის მომდევნო არჩევნებში მსგავს გამოწვევებთან გამკლავებას და მოგებას აპირებს.

თამაშის სამიზნე ჯგუფი, უპირველესად, პოლიტიკოსები არიან — არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და მათი საარჩევნო შტაბის წევრები. თუმცა, თამაში საგანმანათლებლოა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს დეზინფორმაციის საფრთხეები და არჩვენებში მავნე ძალების ჩარევის რისკები. თამაშის შესახებ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა ტრანსატლანტიკური კომისიისა და დემოკრატიების ალიანსის ფონდის თავმჯდომარემ, ანდერს ფოგ რასმუსენმაც.

დეზინფორმაციის დღიურები შექმნილია დემოკრატიების ალიანსის ფონდის მკვლევარის, ორა ტანერი მიერ. ნათარგმნი და ადაპტირებულია მარიამ ჩიხლაძის მიერ, რომელიც არის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.